ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ოქტომბრის „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი.

როგორც „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული, 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ -0.2 პროცენტი შეადგინა.

მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო თვეში, სურსათის კატეგორიაში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა. ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „შაქარი, ჯემი, თაფლი, სიროფები, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი“ შემავალი პროდუქტების ჯგუფში. ამ ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 5.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შაქარზე ფასის 11 პროცენტიანი მატებით.

სეზონურობიდან გამომდინარე, ფასების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე „რძე, ყველი და კვერცხის“ ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდამაც. მთლიანი ინფლაციის მსგავსად, შემცირდა საბაზო ინფლაციის ზრდაც, რომელზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილი სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილების ტემპი 0.9 პროცენტს შეადგენდა.

როგორც „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამია, 2016 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ფასები 0.2 პროცენტით შემცირდა. ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა (-0.3 პროცენტიანი წვლილი) კარტოფილზე ფასის 32 პროცენტიან კლებას ჰქონდა. ფასების წლიური კლება კვლავ გაგრძელდა სამომხმარებლო კალათაში შემავალ ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიცაა დიზელის საწვავი და ბენზინი. ოქტომბერში აღნიშნულ პროდუქტებზე ფასები წლიურად 10.4 პროცენტით და 11.3 პროცენტით შემცირდა და ამ შემცირებების გავლენა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე ჯამში -0.5 პროცენტული პუნქტია.

წლიურ ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოუხდელი ყველის თითქმის 8 პროცენტიანმა გაიაფებამ, რის გამოც მთლიანი ინფლაცია 0.2 პროცენტით შემცირდა.

2015 წლის დასაწყისიდან ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე, აქციზის გადასახადის მატების გამო, ფასები საგრძნობლად გაიზარდა. საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციაზე ყველაზე მეტად კვლავაც „ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს” ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე ფასების ზრდა მოქმედებს. აღნიშნული ჯგუფის ფასები 10.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის საერთო დონეში ჯგუფის წვლილი 0.7 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. სურსათზე ფასების საერთო დონე 0.1 პროცენტით შემცირდა ფასების ყველაზე მაღალი ზრდა „შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის“ კატეგორიის კვების პროდუქტების შემთხვევაში დაფიქსირდა (21.0 პროცენტი). ამის მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ზრდაა. საპირისპიროდ, სურსათის ფასების საერთო დონეზე მკვეთრად უარყოფითი მიმართულებით მოქმედებდა „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის“ ჯგუფში შემავალი კვების პროდუქტების ფასების ცვლილება (-12.9 პროცენტი).

როგორც „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი, ოქტომბერში, „უალკოჰოლო სასმელების“ კატეგორიაში ფასები წლიურად 2.1 პროცენტით გაიზარდა. წინა თვეებთან შედარებით იკლო წლიურმა ინფლაციამ „სასტუმროები, კაფეები და რესტორნები“ ჯგუფის საქონელსა და მომსახურებაზე და 2.9 პროცენტი შეადგინა. 1.3 პროცენტიანი ინფლაცია დაფიქსირდა „ჯანმრთელობის დაცვის“ კატეგორიაში. საანგარიშო თვეში ინფლაციის შედარებით მაღალი ტემპი, 3.9 პროცენტი, დაფიქსირდა კავშირგაბმულობის სფეროში. საანგარიშო თვეში, წლიურ დონეზე ფასების კლებას ადგილი ჰქონდა „ტრანსპორტისა“ და „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის“ სასაქონლო ჯგუფებში, სადაც წლიურმა დეფლაციამ შესაბამისად, 6.7 პროცენტი და 5.2 პროცენტი შეადგინა.

ოქტომბერში იმპორტირებული საქონლის ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.5 პროცენტით შემცირდა. იმპორტირებული ინფლაციის კლება ძირითადად საწვავზე წლიურად ფასების კლების შედეგია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ სხვა იმპორტირებული საქონლის ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი. უკვე მიმდინარე წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ იმპორტირებულმა ინფლაციამ მოიკლო. ამავე დროს, ადგილობრივი საქონლის ინფლაცია 1.2 პროცენტი იყო. ფასები 0.8 პროცენტით შემცირდა ვაჭრობად საქონელზე. ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა არავაჭრობად საქონელზე.

„საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ 2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა. საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონელზე ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო თვეში მომსახურების ფასები 0.2 პროცენტით შემცირდა“, - ნათქვამია „თვის მიმოხილვაში“.

საქონლის სხვადასხვა ხანგრძლივობის მოხმარების მიხედვით წლიური ინფლაციის მაჩვენებლები შემდეგია: საანგარიშო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხანმოკლე მოხმარების საქონელზე ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა. წინა წლის ოქტომბრის თვესთან მიმართებაში, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების ხანგრძლივობის საქონელი შესაბამისად 2.4 და 6.7 პროცენტით გაიაფდა. გაწეულ მომსახურებაზე წლიური ინფლაცია კი 2 პროცენტს შეადგენს.