ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 31.0 მილიონი ლარით გაიზარდა

ოქტომბრში ვადაგადაცილებული სესხები 31.0 მლნ ლარით გაიზარდა და 400.5 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ოქტომბრის „თვის მიმოხილვაში“. როგორც „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი, 2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 416.3 მლნ ლარით გაიზარდა და 16.54 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 7.8 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე სესხების წლიური ზრდა 7.5 პროცენტი იყო.

საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გამოსახული სესხების მატებამ ასევე საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა უცხოური ვალუტით გამოსახული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ. სადაც ზრდა განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით.

„თვის მიმოხილვის“ თანახმად, ოქტომბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 81.0 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 69.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 38.7 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 103.8 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) გაიზარდა და 5.96 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 6.8 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 56.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. 40.7 პროცენტს შეადგენს ფიზიკური პირების სესხები უცხოური ვალუტით. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული.

ოქტომბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 31.0 მლნ ლარით გაიზარდა და 400.5 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 42.6 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.6 პროცენტს გაუტოლდა.

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ოქტომბერში შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 13.8 პროცენტი დაფიქსირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 9.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და წლიური 17.5 პროცენტი დაფიქსირდა.

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის უცვლელია და შეადგენს 24.1 პროცენტს, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და წლიური 10.6 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და წლიური 9.1 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.3 პროცენტი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.2 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 შეადგინა.