თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში ქართული და კორეული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირისპირ გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

”საქართველოში იმყოფება კორეის ბიზნეს-დელეგაცია, რომლის ორგანიზატორი არის კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტო და ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროებს, როგორებიცაა მრეწველობა, ფარმაცევტიკა, კოსმეტიკა, სურსათი. დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ქართულ კომპანიებთან. ინტერესი ძალიან დიდია. შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება”, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა.

დელეგაციის შემადგენლობაში 9 კომპანიის წარმომადგენლები არიან და საქართველოში 2 დეკემბრამდე დარჩებიან.

”ჩამოვედი ბიზნეს დელეგაციის თანხლებით. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებულად შედგება პირისპირ შეხვედრები, ქართულ დელეგაციას მივიწვევთ კორეაში. სავაჭრო სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით. იმედია, შეხვედრები შედეგიანი იქნება და ქართული და კორეული კომპანიები თანამშრომლობას გააგრძელებენ”, - განაცხადა კორეის საელჩოს კომერციული დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კიმ ჯონ კიონიმ.