ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეების დახმარების მიზნით 147 270 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ნოემბრის თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, 147 270 ლარის დაფინანსება გასცა. როგორც  ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან, გამგეობამ და საკრებულომ თანადგომა გაუწია 491 ბენეფიციარს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 361 მოქალაქის დასაფინანსებლად გაიხარჯა 81 706 ლარი.

„აღნიშნული თანხით, დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს და რაც ყველაზე მთავარია, პროგრამების მიხედვით განხორციელდა მოქალაქეებისათვის საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურობის დაფინანსება“, - აღნიშნა გამგებელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ პირადი განცხადებების საფუძველზე მოქალაქეებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღებისათვის თანადგომა გაუწია მუნიციპალიტეტის საკრებულომ. მონაცემების მიხედვით, ნოემბრის თვეში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი 65 564 ლარით დახმარება გაეწია 130 მოქალაქეს.