11 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.3%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი, 7.9%-ით გაიზარდა

11 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.3%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 7.9%-ით გაიზარდა , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 11 თვეში საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტია.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმ მოგზაურებს, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყვეს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რაოდენობამ - 2 536791 შეადგინა, ზრდა 19.3%-ია.

ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

იანვარ-ნოემბერში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +25.6%, ჩეხეთი +15.6%, ლიტვა +15%, გერმანია +9.4% და პოლონეთი +6.5%.

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი (+494%), ინდოეთი (+216%), საუდის არაბეთი (+118%) , ჩინეთი (+44%), ისრაელი (+56,7%), ყაზახეთი (+33,8%) და ბელორუსი (+29,7%)

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, 2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 458,496 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 22,196-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%)-ია.

ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 164,440 შეადგინა, რაც 20,265-ით მეტია 2015 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14.1%).

2016 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა +71%, პოლონეთი +49%, გერმანია 32%, საფრანგეთი +24% და გაერთიანებული სამეფო +20%.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა შემდეგი სახელმწიფოებიდან: ირანი +487%, საუდის არაბეთი +183%, ინდოეთი +133%, ჩინეთი +112% უზბეკეთი +112%. და ბელორუსი +30,5%.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მისივე თქმით, 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 867.9 მილიონ დოლარს (ზრდა +13.2), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.1%-ია.

მისივე თქმით, 2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.1%.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 159,102 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, 2016 წლის ათი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,351,403 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.