პავლე კუბლაშვილი ღვინის ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, winefest-ის დანერგვის ინიციატივით გამოდის

Key Points consulting-ის დამფუძნებელი პავლე კუბლაშვილი ღვინის ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, winefest-ის დანერგვის ინიციატივით გამოდის. მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს კუბლაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.

„შეცდომაა გადასახადების ზრდა, შეცდომაა აკრძალვების დაწესება, შეცდომაა ბანკებისთვის ახალი ვალდებულებების დაკისრება, შეცდომაა იპოთეკური კრედიტების თუნდაც ნაწილის რაიმენაირი სუბსიდირება. არცერთი ამ ნაბიჯთაგანი ეკონომიკას არ გააჯანსაღებს. პირიქით გააჩენს განცდას, რომ კრიზისი გაღრმავდება და მთავრობამ ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები. მგონია, რომ დღეს ეკონომიკას და ქვეყანას სჭირდება უფრო ენერგიული ნაბიჯების გადადგმა სამი მიმართულებით:

1. ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის არსებული დავების სწრაფი დასრულება - რაც საინვესტიციო გარემოს უფრო პროგნოზირებადს გახდის. დღეს ყველა მეტნაკლებად დიდ ბიზნესს სახელმწიფო ედავება სხვადასხვა საკითხებზე. და ეს დავები უკვე წლებია გრძელდება. ყველა მსგავს შემთხვევაში, როდესაც წელიწადზე მეტია გრძელდება საგადასახადო ორგანოებში, ფინანსურ პოლიციაში, პროკურატურაში ან სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმეები ბიზნესის წინააღმდეგ, დავა უნდა შეწყდეს.

2. სწრაფი პრივატიზაცია და ზოგადად პრივატიზაციის პროცესის უსწრაფესი დასრულება - რაც გააჩენს დამატებით შემოსავლებს ბიუჯეტში და ყველა ქონებას ჩააბამს სამეწარმეო საქმიანობაში. სახელმწიფოს და თვითმმართველობების საკუთრებაში ჯერ კიდევ რჩება ბევრი ქონება, რომლის ეფექტური გამოყენება შეუძლია ბიზნეს-სექტორს. ყოველი დღე, რომლის განმავლობაშიც ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია, არის დაკარგული შესაძლებლობა. შეუძლებელია სახელმწიფომ ვერ იპოვოს ქონების უკეთესი მესაკუთრე, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფო ყველაზე ცუდი ბიზნესმენია.

3. აქცენტის გაძლიერება ტურიზმზე - რაც გაზრდის უცხოური ვალუტის შემოდინებას და შედარებით გააუმჯობესებს ლარის სტაბილურობის შანსს. ტურიზმი მგონი ერთადერთი წყაროა ვალუტის შემოდინების, რომელშიც წელს დაგეგმილზე უკეთესი შედეგებია. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით აქცენტები არასაკმარისია. მნიშვნელოვანია გასამმაგდეს ან გაორმაგდეს მაინც იმ თანხების ოდენობა რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს საზღვარგარეთ მედიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში. ეს თანხები რეალურად ბევრად მეტად დაუბრუნდება თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს, რადგან ყოველი ტურისტი საქართველოში დახარჯული ვალუტის არც თუ მცირე ოდენობაა“, - წერს კუბლაშვილი.

მისი აზრით, კიდევ ბევრი ნაბიჯია ალბათ გადასადგმელი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ზრდის ტემპით წავიდეს წინ და ალბათ, სხვა ინიციატივებიც გამოჩნდება მედიით და სოც-ქსელებში.

„და ბოლოს, რახან ტურიზმი ვახსენე. ყოველთვის მომწონდა გერმანელების მიერ შექმნილი ტრადიცია - oktoberfest ან სხვაგვარად bierfest. ნამდვილი დღესასწაული ლუდის. ტურიზმის კუთხით ეს ტრადიცია ყველაზე დიდ შემოსავალს ტოვებს გერმანიაში. საქართველო ღვინის სამშობლოა. ამას წაიკითხავ ყველა ლიტერატურაში, რომელიც ღვინოზეა. ამას გეუბნებიან ღვინის ყველა მუზეუმში, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს ის. ქვევრის ღვინოზე და იუნესკოზე აღარ მოვყვები. ამიტომ თუ რაიმე მიმართულებით საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობაზე და რეკლამირებაზე უნდა ვიფიქროთ ეს ღვინის ტურიზმია. winefest-ი შეიძლება მთავარ ქართულ ბრენდად იქცეს“, - წერს კუბლაშვილი.