რატომ ყიდულობენ ბანკები და იმპორტიორები დიდი რაოდენობით დოლარს?

დღის განმავლობაში სავალუტო ჯიხურების ტაბლოიდებზე ლარის კურსი რამდენჯერმე შეიცვალა. თუ დილით 1 დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 2,58-2,59 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა უკვე დოლარს 2,73 ლარადაც კი ყიდიან. გაცილებით მაღალია ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი კომერციულ ბანკებში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია სხვაობა დოლარის გასაყიდსა და შესაძენ კურსებს შორის. რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარს ფაქტობრივად არავინ ყიდის, მის შესყიდვაზე კი მოთხოვნა ძალიან დიდია.

ექსპერტების შეფასებით ასეთი რამ მნიშვნელოვანწილად ბაზარზე არსებული აჟიოტაჟური ფონით არის გამოწვეული. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა კურსი ხელოვნურად იზრდება.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი კურსის ხელოვნურ ზრდას ორ შესაძლო ფაქტორს უკავშირებს - აქციზის გადასახადის გაზრდის მოლოდინში იმპორტიორი კომპანიები ცდილობენ პროდუქციის მარაგები ჯერ კიდევ არსებული აქციზის გადასახადის პირობებში გაზარდონ და კომერციული ბანკები, რომლებიც ვერ გაერკვნენ რა უნდა მთავრობას, დოლარის დაგროვების რეჟიმში გადავიდნენ.

მისივე ცნობით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები სავალუტო ბაზარზე არსებული პანიკის სუბიექტური გამოძახილია, ობიექტური მიზეზი კი ისაა, რომ მოთხოვნა მიწოდებას შორის დეფიციტის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.

„კომპანიები, აქციზის ზრდის მოლოდინის გამო ქმნიან პროდუქციის მარაგებს, რაც დოლარზე მოთხოვნას ზრდის. არ გამოვრიცხავ რომ იგივე ბანკები, რომლებსაც ხელისუფლება ფაქტობრივად აიძულებს მინუს 20 პუნქტით ლარში გადაიტანონ იპოთეკარების კრედიტები, ახლა დოლარს აგროვებდნენ და კურსი ხელოვნურად იზრდებოდეს. როდესაც ხელისუფლება რაღაცას ახმოვანებს, მოსალოდნელ შედეგებზე არ ფიქრობს. შედეგად კი მივიღეთ რომ პანიკა შეიქმნა. ბანკები გაუგებრობაში არიან, ვერ გაიგეს რა უნდა ხელისუფლებას. არ იციან, რა იქნება ხვალ და ზეგ და შესაძლოა, ახლა თვითონ გადავიდნენ დოლარის დაგროვების რეჟიმში,“ -ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვითარების სტაბილიზაციის მეტნაკლებად რაციონალური დამაჯერებელი პროგრამის წარმოდგენა.

„როდესაც აჟიოტაჟი იქმნება, ხელისუფლება მობილიზებული უნდა იყოს და ყველა ინსტრუმენტს იყენებდეს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილ პანიკაში არ გადავიდეს. ამ მხრივ რამეს აკეთებენ საერთოდ? ან რას აკეთებს ახლა ეროვნული ბანკი? გასაგებია, რომ ინტერვენციები ცუდია, მაგრამ ასეთ ვითარებაში ვალდებულია ვითარება რაღაცნაირად დააბალანსოს. პრობლემა კი არ წყდება, პირიქით ყოველდღიურად უარესდება ამ იპოთეკარების მდგომარეობა. ცვლილებების ამოქმედების დროს უკვე ისეთი კურსი შეიძლება იყოს, მინუს 20 პუნქტით შემცირება ვერც ვერაფერს ნიშნავდეს და ვერც პრობლემას წყვეტდეს,“ -აღნიშნა ხუხაშვილმა.