"ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია საუბარი რკინიგზის და მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შესახებ"

ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ნაბიჯი გახლავთ საუბარი იმაზე, რომ უნდა გავყიდოთ რკინიგზა და მაგისტრალური გაზსადენი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მიერ შეთავაზებული ახალი ეკონომიკური მიდგომების ერთობლიობა სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა.

ექსპერტის აზრით, რკინიგზისა და მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შემთხვევაში, საქართველო საკუთარი მდებარეობით მიმზიდველობას დაკარგავს. ასევე, უცნობია, ასეთ შემთხვევაში როდის დაბრუნდება ის კვლავ საქართველოს იურისდიქციაში.

სოსო ცისკარიშვილმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ თუ გაზსადენის გაყიდვაზე იქნება საუბარი, საქართველოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამ გაზსადენის აქციების 25 % შეიძინოს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ასევე გამოჩნდებიან ბიზნესსუბიექტები, რომლების სიამოვნებით შეიძენდნენ ამ აქციებს, რადგან გაზსადენი მათი მუდმივი მოგების საგანი იქნება.

ექსპერტმა საუბრისას მაგალითად „ამერიკელების მიერ კომპანია „თელასის“ რუსული კომპანიისთვის მიყიდვის ფაქტიც“ გაიხსენა. ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილზე გაზსადენი გაეყიდა, თუმცა მათ „ეს სურვილი დაძლიეს“.

„თუ ვინმეს გულში აქვს, რომ დარჩება მილიარდერის თანამდებობაზე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საჩუქარი გადავეცით რუსეთს, მაშინ ქართველები ჩვენი წარმოშობით ვერ ვიამაყებთ. საზოგადოების ყურადღება მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ არავინ ისაუბროს რკინიგზის ან გაზსადენის გაყიდვაზე. ამის მცდელობა „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა და საღმა აზრმა გაიმარჯვა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.