"ეროვნული ბანკი არის იმ პოლიტიკური თამაშების მონაწილე, რომელიც მთავრობას აქვს"

ე.წ. ლარიზაციის გეგმა არის ან პანიკური რეაქცია საქართველოს მთავრობის, ან არჩევნების მოგების გაძლიერების სურვილით არაფერი გააკეთა, რომ ეკონომიკა გაეჯანსაღებინა , -ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, ლარი დღეს არ გაუფასურებულა, არამედ 2015 წლიდან მოყოლებული, როდესაც 2,0 ნიშნული გადალახა, მუდმივად და თანმიმდევრულად უფასურდება.

”ამ ფონზე ლარიზაციის შემოთავაზებულ გეგმას არ შეიძლება რაიმე დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ლარის კურსზე ან ეკონომიკაზე გრძელვადიან რეჟიმში. თუმცა, მაინც საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანიდატები იწონებენ დოლარში გაცემული სესხების ლარში გადაყვანას და ამისათვის საბიუჯეტო ხარჯების 65 მილიონით გაზრდას, რომელიც ასევე მძიმე წნეხი იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის”, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, მეორე მხრივ ეს არის უსამართლო, იმიტომ, რომ არ არის განსაზღვრული სესხის მიზნობრიობა, თუ რომელი სესხის გადაყვანა შეიძლება დოლარიდან ლარში.

”რაც მთავარია, არ არის ყურადღების ქვეშ, თუ როგორი მატერიალური შესაძლებლობის მქონე ადამიანების სასესხო შეღავათზე ვსაუბრობთ. საბოლოო ჯამში მივიღებთ შედეგს, რომ სიღარიბეში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე დავაფინანსებთ მათ შორის მდიდარი ადამიანების ვოიაჟებს საზღვარგარეთ დასვენების მიზნით ან სხვადასხვა ფეშენებელური ნივთების შეძენას.

ამიტომ დასკვნა არის ერთი - ე.წ. ლარიზაციის გეგმა არის ან პანიკური რეაქცია საქართველოს მთავრობის, რომელსაც ასევე აჰყვა ეროვნული ბანკი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, ან მეორე, საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ხედავდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა, მაგრამ არჩევნების მოგების გაძლიერების სურვილით არაფერი გააკეთა არჩევნებამდე თუნდაც ერთი წლით ადრე, რომ ეკონომიკა გაეჯანსაღებინა.

ორივე შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელობა და მისი საბჭოს კანდიდატები მოექცევიან იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების წნეხის ქვეშ, რასაც მიიღებს საქართველოს მთავრობა.

ნათელია, დღეს ეროვნული ბანკი არის იმ პოლიტიკური თამაშების მონაწილე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს”, -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.