"უკეთეს შემთხვევაში ღრმა ჭაობში ვიქნებით, უარეს შემთხვევაში - ფინანსური აფეთქება გველოდება"

ახლა კუდიანებზე უნდა დაიწყოს ნადირობა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, კიდევ უფრო გააღარიბებს ხალხს , - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობენ.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ის პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, ქვეყანას უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანს.

”კატასტროფულ გზაზე დგახართ. რასაც აქ ვისმენთ და ასევე 2 დღის წინ რაც მთავრობისგან მოვისმინეთ, ამით ექსტრემისტული, არაკომპეტენტური მთავრობების გზაზე დგახართ. როდესაც ეკონომიკური კრიზისი გამოწვეულია მთავრობის მავნებლური პოლიტიკით, მერე იწყება დამნაშავეების ძებნა და უკვე ვიცით ვინაა დამნაშავე - კერძო ბიზნესი, თუნდაც ბანკები ან მათი არაპროფილური საწარმოები. თურმე ამ ხალხს შეუქმნია კრიზისი და არა მთავრობის პოლიტიკას. ახლა ამ კუდიანებზე უნდა დაიწყოს ნადირობა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, კიდევ უფრო გააღარიბებს ხალხს და მერე კიდევ უფრო უნდა გამწვავდეს კუდიანებზე ნადირობა. ეს აბსურდი სადღაც უნდა დამთავრდეს. კრედიტის აღება კი არაა პრობლემა, პრობლემა ისაა, რომ სესხი ძვირია და ასევე ის, რომ არ არის ეკონომიკური ზრდა და ეს ხალხი ფულს ვერ შოულობს, რომ მერე არ გაკოტრდეს. ამას უნდა მიხედოთ. გადასახადების ზრდა, რეგულაციების გამკაცრება და იაფფასიანი დემაგოგია, რომ რაღაც ბიზნესებს და ონლაინ გამსესხებლებს გააუქმებენ, რითაც ქვეყანას უშველიან, ეს მიგვიყვანს ჩიხამდე. ეს თუ დროზე არ დამთავრდება, უკეთეს შემთხვევაში ღრმა ჭაობში ვიქნებით და უარეს შემთხვევაში გველოდება ფინანსური აფეთქება”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ასევე დაინტერესდა, ეთანხმებიან თუ არა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის გატარებას.

”აპირებთ თუ არა ისევე მოიქცეთ, როგორც ბოლო თვეებში სამწუხაროდ, იქცევა ეროვნული ბანკი, აყვეთ მთავრობის მავნებლურ პოლიტიკას და გამოსავალი იპოვოთ იმაში, რომ შეუზღუდოთ წვრილ და საშუალო ბიზნესს დოლარში ფულის სესხება, რაც კიდევ უფრო დაარტყამს ეკონომიკას და ბოლომდე გააღატაკებს ჩვენს ქვეყანას. ამაზე თანახმა ხართ თუ არა? და თუ პასუხი დადებითია, მაშინ რატომ ხართ თანახმა ადმინისტრაციული მეთოდებით ექსტრემისტულ დედოლარიზაციაზე, რომელიც ვითომ ჩვენი ქვეყნისთვის შვებაა”, - აღნიშნა ბოკერიამ.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერის კანდიდატურებია წარდგენილი.