ირაკლი კოვზანაძე - დღევანდელი დღის ლარის კურსის სწრაფი გაუფასურება პანიკური, სპონტანური რეაქციაა

დღევანდელი დღის ლარის კურსის სწრაფი გაუფასურება პანიკური, სპონტანური რეაქციაა და ძირითადად ემოციური გარემოებებითაა გამოწვეული , - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატები ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობენ.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, გაცხადება ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გაუფასურება შიდა ფუნდამენტური ფაქტორებით არაა გამოწვეული. კოვზანაძე ყველას მოუწოდებს, ეროვნული ბანკის ამ განცხადებას ყურადღება მიაქციონ.

”დღევანდელი დღის ლარის კურსის სწრაფი გაუფასურება პანიკური, სპონტანური რეაქციაა და ძირითადად ემოციური გარემოებებითაა გამოწვეული. რამდენადაც ვიცი მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის, რომ კურსი, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად ქვემოთ წამოვიდეს. ეს რამდენიმესაათიანი დროებითი, სპონტანური რეაქციაა და მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავიანთი რეზერვების სწრაფად გადახურდავებას ნუ მოახდენენ. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და რეზულტატებსაც ჩვენ მალე ვნახავთ”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი კანდიდატურებია წარდგენილი.