ზურაბ ჭიაბერაშვილი - ”ქართული ოცნების” საფირმო ნიშანია გაურკვევლობის შექმნა

”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ”ქართულ ოცნებას” ეკონომიკური განვითარების არანაირი გეგმა არ გააჩნია. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ლარიზაციის გეგმა სინამდვილეში ეს არანაირი გეგმა არ არის, იმიტომ, რომ არ ემყარება ეკონომიკური განვითარების რაიმე ხედავს.

”ასეთი ხედვა უბრალოდ ”ქართულ ოცნებაში” არ არსებობს. იმას, რაც დღეს სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ხდება, აქვს თავისი ღრმა მიზეზები, საიდანაც ერთი არის ივანიშვილის შეტევა ეროვნულ ბანკზე. ამ შეტევამ, რაც ძალიან დიდი შემართებით წარმოებდა, შეარყია ჩვენი ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური ფუნდამენტი და ძალიან დაგვაზარალა.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შეჩერებულ ეკონომიკურ ზრდაზე, ზიანს იძლევა ის გაურკვევლობა, რასაც ბიზნესი მუდმივად იღებს ასეთი მავნებლური და გაუთვლელი ნაბიჯებისგან.

საერთოდ, ”ქართული ოცნების” საფირმო ნიშანია გაუკვევლობის შექმნა. შეიძლება მათ არც განახორციელონ თავიანთი მავნებლური განზრახვა, მაგრამ იმის გამო, რომ დააანონსებენ რაღაც ასეთ მავნებლობას, ზიანი მაინც გვადგება, იმიტომ, რომ არ იცის ხალხმა, ინვესტორმა, ბიზნესმენმა, როგორ მოიქცეს.

შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჰოი საოცრებავ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კრიტიკა შეჩერდა. იმის გამო კი არ შეჩერდა, რომ ”ოცნებამ” სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა დაიწყო, არა, ეს მოხდა მხოლოდ მარტივი მიზეზის გამო - ივანიშვილმა დაიმორჩილა ეროვნული ბანკი.

ეროვნულმა ბანკმა იმით, რომ გაფლანგა ჩვენი შვილების და შვილიშვილების რეზერვები, სწორედ ამით იყიდა ბიძინა ივანიშვილის ლოიალობა. დღესაც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამთავრობო თათბირებზე დადის, როგორც ერთი რიგითი ჩინოვნიკი”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.