ირმა ინაშვილი - „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის ოჯახი ითხოვს მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვის პროცესის შეჩერებას

„საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის ოჯახი, მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვის შეჩერებას ითხოვს , - აღნიშნული განცხადება ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დეპუტატები ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობენ.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, წერილი, რომელიც მან საქართველოს ბანკის დამფუძნებლის, ელგუჯა სილაგაძის ოჯახისგან მიიღო, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც გაეგზავნა.

”მივიღე წერილი „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის ელგუჯა სილაგაძის ოჯახის წევრებისგან, რომლებსაც ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვთ მურთაზ კიკორიას მიმართ. მე ვიცი, რომ ამ ოჯახმა წერილი ასევე გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარესაც. საუბარია იმაზე, რომ ოჯახი ბრალს სდებს მურთაზ კიკორიას კერძო საკუთრების წართმევაში. მე არავის არ მინდა ხელი დავადო ქონების წართმევაში, ისე რომ არ მქონდეს ფაქტები, მაგრამ როგორც პარლამენტის წევრს, არ მაქვს უფლება არ გავასაჯაროო ეს მოთხოვნა. ოჯახი ითხოვს მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვის პროცესის შეჩერებას”, - განაცხადა ინაშვილმა.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურებია წარდგენილი.