დეპუტატმა გია მიქელაძემ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევის საკითხი დასვა

ქვეყნის მოსახლეობისა და კომპანიების უდიდესი ნაწილი ბანკების ტყვეობაშია და ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებიან, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა გია მიქელაძემ გააკეთა. მიქელაძემ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევისა და მისი მოსმენის საკითხი დასვა.

”ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან დიდი იყო მცდელობა, იყო ”აწარმოე საქართველოში”, იყო სხვა ორგანიზაციები, რომელიც ბიზნესს უნდა დახმარებოდა, მაგრამ ესეც მოექცა გარკვეული კასტის - სამინისტროების და ბანკების ხელში. მიდიოდნენ კომპანიები, მიდიოდნენ ფერმერები, რომ გაეკეთებინათ ბიზნესი, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ ლიკვიდური კაპიტალი უნდა იყოს. ესე იგი, თუ ლიკვიდური კაპიტალია, თუ ბიზნესი მომგებიანია, მაშინ როგორ არის აქ საკითხი?” - განაცხადა სესიაზე გია მიქელაძემ.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერის კანდიდატურებია წარდგენილი.