სერგი კაპანაძე - რეაქცია, რომელიც დღეს ლარისგან მივიღეთ, მხოლოდ და მხოლოდ რეაქციაა მთავრობის უგუნურ განცხადებაზე

რეაქცია, რომელიც ჩვენ დღეს ლარისგან მივიღეთ, მხოლოდ და მხოლოდ რეაქციაა მთავრობის უგუნურ განცხადებაზე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატები ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობენ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოს ბანკებში დღეს რიგი დადგა ადამიანების, რომლებიც ხურავდნენ ანაბრებს, რათა გამოეტანათ თავისი თანხები და დოლარი ეყიდათ.

”გუშინ თუ გუშინწინ მთავრობისგან გავიგონეთ სრულიად კატასტროფული, აბსურდული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოხდეს უახლოესი თვეების განმავლობაში ეკონომიკაში. ის რეაქცია, რომელიც ჩვენ დღეს ლარისგან მივიღეთ, მხოლოდ და მხოლოდ რეაქციაა მთავრობის ამ უგუნურ განცხადებაზე. აქ საუბარი იყო, რომ დღეს პანიკაა შექმნილი და ეს პანიკა გამოიწვიეთ თქვენ, ხელისუფლებამ, როდესაც დააანონსა, რომ გაიზრდება გადასახადები, დააანონსა ის, რომ გაძვირდება ცხოვრება. ბოლო ორი დღის განმავლობაში გააჩინეთ იმის მოლოდინი, რომ ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდებოდა. დღევანდელ მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გაიგოთ თქვენ და პირველ რიგში მთავრობამ, რა არის მიზეზები ამ გაუფასურების, რომ რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული. ბოლო წლების განმავლობაში გვესმოდა თქვენგან ყველაფერზე დაბრალება, გარდა რეალური მიზეზებისა. ხან ქადაგიძის ბრალი იყო. წავიდა ქადაგიძე - ლარი ისევ უფასურდება. ხან რეგიონში მიმდინარე პროცესების ბრალი იყო და რეგიონში ხან ზრდა არის, ხან შემცირდება, მაგრამ ჩვენთან მაინც უფასურდება ლარი. ყველაფერს დააბრალეთ, გარდა იმისა, რაც რეალურად არის გასაკეთებელი და რაც რეალური მიზეზია - ეს არის თქვენი მხრიდან სწორი გაგება იმისა, რომ ბიუჯეტი უნდა იყოს შეკვეცილი ბიუროკრატიული ხარჯების, ხელფასებისა და პრემიების ხარჯზე”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სიტყვით გამოსვლისას კაპანაძემ დღეს, სავარაუდოდ, ვალის გამო მომხდარი მკვლელობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე დარტმა ვალების გაცემას შავ ეკონომიკაში გადაიყვანს.

”ახლა დაბრალება კერძო სექტორზე, ბანკებზე, მიკროსაფინანსოებზე კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს და ყველას შეეხება ეს. მიკროსაფინანსოებს და ასეთ ინსტიტუტებს თუ დაარტყამთ, ვალების გაცემა შავ ეკონომიკაში გადავა. ამას ნუ გამოიწვევთ, რადგან გარდა ფინანსური პრობლემებისა, ეს კრიმინალის ზრდასაც გამოიწვევს. თქვენ ახლა შეგიძლიათ ამ კრიტიკის საპასუხოდ, უფრო უარესი გააკეთოთ ან მართლაც დაფიქრდეთ, გონს მოეგოთ და მართლაც შეამციროთ ხარჯები, რომელიც არ გვჭირდება. შეიძლება ეს მტკივნეული იყოს, მათ შორის პოლიტიკური კუთხით, მაგრამ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ექსპორტი გაიზარდოს, მეტი ინვესტიცია და მეტი ტურისტი შემოვიდეს. ასე დააბალანსებთ მხოლოდ და მხოლოდ ლარს”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.