იტალიელ ბიზნესმენს 430 ავტომობილისგან შემდგარი უნიკალური კოლექცია ჩამოართვეს

სააუქციონო სახლმა „RM სოთბისმა“ სავაჭროდ გამოიტანა 430 ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნოდა. „მეილ ონლაინის“ ინფორმაციით, ისინი ერთი იტალიელი ბიზნესმენის მფლობელობაში იყო, რომელსაც პოლიციამ კონფისკაციით ჩამოართვა. კოლექციაში „ფერარის“ 44, „პორშეს“ 72 (რომელთაგან 57 ცალი მოდელი 911-ია), „იაგუარის“ 62 (მათგან 21 ცალი ”E-ტაიპი”), „ალფა რომეოს“ 34, „ლანჩას“ 29, „მაზერატის“ 23, „ფორდის“ 18 და „მერსედეს-ბენცის“ მარკის 17 ავტომობილია. ამათგან ყველაზე გამორჩეული მოდელებია „ფერარი 275 GTB/6C“, „მაზერატი MC12“ და „ფერარი F40“.

ავტომობილების გარდა, ბიზნესმენი, რომლის გვარსაც პოლიცია არ ამხელს, 155 მოტოციკლს, სხვადასხვა ტიპის 55 ნავს და 184 ცალ ველოსიპედს და საავტომობილო აქსესუარს ფლობდა. კოლექციაში შემავალი ექსპონატები 55 ბრენდის მიერაა წარმოებული და მათგან ზოგიერთის ასაკი 85 წელია. ვენეციიდან მილანამდე მათი ტრანსპორტირებისთვის, 100 სატვირთო ავტომობილი გახდა საჭირო.

აუქციონი მილანში გაიმართა. ის სამი დღე გრძელდებოდა. კოლექცია 817 ლოტად იყო გამოტანილი, რომლებშიც მყიდველებმა ჯამში 51.26 მილიონი ევრო გადაიხადეს. მათგან ყველაზე ძვირად გაიყიდა 1966 წელს გამოშვებული „ფერარი 275 GTB/6C“, რომელშიც მყიდველმა 3 416 000 ევრო გადაიხადა. 3 024 000 გადაიხადეს „მაზერატი MC12-ში“.

წყარო autobild.ge