თანამშრომლის თვითმკვლელობის შემდეგ იაპონიის უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო Dentsu უარს ამბობს პრინციპზე “იმუშავე სიკვდილამდე”

მას შედმეგ რაც 2015 წელს დიდი დატვირთვის გამო ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა, იაპონიის უმსხვილესმა სარეკლამო სააგენტომ Dentsu-მ გადაწყვიტა შეცვალოს კომპანიის მიერ 1951 წელს შემოღებული პრინციპები. ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით, მუშაობა სიკვდილამდე იყო აუცილებელი. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

საუბარია მუშაობის 10 პრინციპზე, რომლებიც Dentsu-ს მეოთხე პრეზიდენტმა 1951 წელს დაწერა. ერთ-ერთი პრინციპის მიხედვით, საჭირო იყო მუშაობა სიკვდილის ზღვარზეც კი. “თუკი თქვენ საქმე წამოიწყეთ, არ მიატოვოთ ის. მაშინაც კი, როდესაც თქვენ გკლავენ, არ გაჩერდეთ მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ”, - პრინციპის ასეთი თარგმანი ადგილობრივ გამოცემას The Asahi Shimbun-ს მოჰყავს.

Dentsu -ს ოფიციალური თარგმანი უფრო რბილად ჟღერს: “არასოდეს თქვათ უარი თქვენს მიზანზე. განეწყვეთ მის მიმართ ისეთი შემართებით, როგორც საკუთარი ცხოვრების მიმართ”.

კომპანიის წარმომადგენლის სიუსაკუ კანანის თქმით, პრინციპების გადახედვას Dentsu 2016 წლის დეკემბერში აპირებს.

ნოემბრის დასაწყისში იაპონიის ხელისუფლებამ Dentsu-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, სააგენტოს ტოპ-მენეჯმენტი თანამშრომლებს აიძულებდა დამატებით შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ მონაცემები შეემცირებინათ.

იაპონიის შრომის, ჯანდაცვისა და კეთილდღეობის სამინისტრომ გამოძიება მას შემდეგ წამოიწყო, რაც სექტემბერში ოფიციალურად იქნა დადასტურებული, რომ Dentsu-ს 24 წლის თანამშრომლის მაცური ტაკაჰასის თვითმკვლელობის მიზეზი სამსახურში გადაღლილობა გახდა. გაირკვა, რომ ხანდახან გოგონა თვეში დაახლოებით 105 ზედმეტ საათს მუშაობდა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ამავდროულად შიდა მოკვლევას აწარმოებენ. 2016 წლის ნოემბრიდან კომპანიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული 40-საათიანი სამუშაო კვირის გადაჭარბების ლიმიტი 70-დან 65 საათამდე შეამცირა.