იმერეთის წაბლნარი ტყეების შენარჩუნება-აღდგენის პროცესი დაიწყება

საქართველოს მთავრობას, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას (BTC Co) და “სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას (SCP Co)” შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ორიენტირებული გარემოსდაცვითი ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მილსადენი კომპანიები ახორციელებენ, მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებები განხორციელდა. ახალი ხელშეკრულების ფარგლებში კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკოსისტემის - იმერეთის წაბლნარი ტყეების შენარჩუნება-აღდგენის პროცესი დაიწყება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობას წარმოადგენს და მისი ბუნებრივი კორომები იმერეთის რეგიონში უნიკალურ ეკოსისტემას ქმნის. წაბლნარი კორომების ხმობა, რომელიც დაავადების - წაბლის ქერქის კიბოთია გამოწვეული ჯერ კიდევ გასული საუკუნის პრობლემას წარმოადგენს.

”ეროვნული სატყეო სააგენტო, მომავალი წლის გაზაფხულიდან, ამ ტერიტორიებზე ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებებს განახორციელებს, რაც გარდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა, ადგილზე დროებითი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.

ხელშეკრეულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის (BTC Co), “სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია (SCP Co)” -ის გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ მოაწერეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.