საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ინოვაციების და სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა

ორ ქვეყანას შორის ინოვაციების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შემდგომი თანამშრომლობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან იუწყებიან, შეხვედრები გაიმართა ინოვაციების სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებთან, innovate UK-სთან, ასევე crowdfunding -ის საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში, მარეგულირებელ სტრუქტურებთან და კერძო სექტორთან.

ამჯერად, სააგენტო აქტიურად მუშაობს სტარტაპებისთვის ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების გაუმჯობესების ინიციატივაზე, კერძოდ crowdfunding-ის სისტემების ფორმირებისათვის რეგულაციის შემუშავებაზე. ასევე გაიმართა შეხვედრები კემბრიჯის უნივერსიტეტში ტექნოლოგიების გადაცემის საკითხებზე.

„ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს კოლეგა ორგანიზაციებთან გაერთიანებულ სამეფოში. მოხდა გამოცდილების გაზიარება და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ითვალისწინებს, ქართული სტარტაპების წარდგენას გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე. დაგეგმილი ღონისძიებები შესაძლებლობას მისცემს ქართულ სტარტაპებს, წარადგინონ თავიანთი იდეები გაერთიანებულ სამეფოში, კემბრიჯის და ლონდონის აქსელერატორებში და ინკუბატორებში და მოხდეს პარტნიორობა ქართულ და ბრიტანულ სტარტაპებს შორის”, - აღნიშნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ბოლოს, ინოვაციების სააგენტომ გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიღება გამართა დიასპორის წარმომადგენლებსა და მათ პარტნიორებთან, სადაც სააგენტომ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქვეყნის პოლიტიკა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ინტერნეტიზაციის მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია დიასპორის აქტივობა, რომელიც ჩვენ დავინახეთ გაერთიანებულ სამეფოში, უამრავი წარმომადგენელი დაესწრო შეხვედრას, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ძალიან პოზიტიურ ფონზე და აქტიური ინტერაქციის პირობებში წარიმართა. ჩვენს მიერ განხილული იყო ის მნიშვნელოვანი საკითხები, და რეფორმები, რომელიც საქართველოს მთავრობას უკვე განხორციელებული აქვს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით, რამაც დამსწრე აუდიტორიის დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ასევე, შეხვედრაზე ინგლისში მცხოვრებ დიასპორას მივაწოდეთ ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმების შესახებ და მათ დიდი სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში”, - აცხადებენ სააგენტოში.