”საკუთარი ხარჯების ეკონომია კარგია, მაგრამ მთავრობამ სხვა ფაქტორებს უნდა მიხედოს”

მე მივესალმები ნებისმიერ ეკონომიას, ხარჯების შემცირებას და რაციონალიზაციას, ბიუროკრატიის შემცირებას. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს სწორი ნაბიჯია. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება ლარის კურსის დასტაბილურებას, დუნდუას თქმით, აქ სხვა ფაქტორები მოქმედებს და პირველ რიგში, ის უნდა მიიხედოს.

„აქვე აღვნიშნავ, რომ მთავრობის ხარჯების შემცირების ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრელდეს. რაც უფრო ეკონომიური იქნება მთავრობა და ადმინისტრაცია, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის,” – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ყველა ბიუჯეტიდან (სახელმწიფო, ავტონომია, მუნიციპალიტეტი, სსიპ, ააიპ) დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა.

„2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველა ბიუჯეტიდან კონსოლიდირებული ხარჯვის დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდა (940 მლნ ლარი - 2016 წელს; 944 მლნ ლარი - 2015 წელს).

საბიუჯეტო შეზღუდვის მნიშვნელოვანი წილი მოდის საჯარო მოხელეთა პრემიებზე. მათ შორის, 14 მილიონი ლარი დაიზოგა იმით, რომ არცერთ საჯარო უწყებაში ე.წ. გიორგობის პრემია არ გაცემულა“, - ნათქვამია სახელმწიფო ხაზინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.