”ჯორჯიან მანგანეზის”ინფორმაციით, ჭიათურაში მადნის უკანონოდ დამტაცებელთა დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს

კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზის”ინფორმაციით, ჭიათურაში მადნის უკანონოდ დამტაცებელთა დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებს. როგორც  ”ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან იუწყებიან, უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა ათეულობით კერძო კომპანია, რომელიც თვითნებურად ახდენს ჭიათურაში მადნის უკანონო მოპოვებას და რეალიზებას.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული უკანონო მოქმედება ეწინააღმდეგება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ექსკლუზიურად მინიჭებულ ლიცენზიურ საქმიანობას, ასევე წარმოადგენს გადასახადების დამალვის საფრთხეს და მნიშვნელოვნად ზრდის გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

”როგორც ცნობილია, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ექსკლუზიურად ფლობს მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას, რაც მოიცავს მთელ რიგ ვალდებულებათა ნუსხას სახელმწიფოს მიმართ. ლიცენზიის ფარგლებში მკაცრადაა განსაზღვრული მადნის მოპოვების კონკრეტული არეალი და წლიური მოცულობები. ასევე ღია კარიერების აღდგენითი გეგმა.

დანაშაულებრივად მოქმედი ათობით კომპანია ბოლო პერიოდი აქტიურად, დიდი მოცულობებით ახდენენ ლიცენზიით დათქმული ტერიტორიების მიღმა მადნის მოპოვებას და შესაბამისად აღურიცხავი პროდუქციით ცდილობენ გადასახადების დამალვას. ამავე დროს უპასუხისმგებლოდ ტოვებენ გადახსნილი ღია კარიერების რეკულტივირების პროცესს, რითაც მეტად საშიშ მდგომარეობას უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო სტუქტურებთან პრობლემის აღმოფხვრაში და მადნის მოპოვებითი სამუშაოების კანონიერ ფარგლებში მოქცევაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.