კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის რეიტინგში ფინანსთა სამინისტრო ლიდერობს

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის წარმატებულ მაგალითად, მოგების გადასახადის რეფორმის მომზადების პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო სექტორთან თანამშრომლობა დასახელდა. როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, ფინანსთა სამინისტრომ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან რამდენიმე ათეული შეხვედრა გამართა. მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ექსპერტები, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ის ანალიტიკოსები, ასევე, ესტონელი კოლეგები. აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან რეფორმის განხორციელება საქართველოში ცალსახად დადებითად შეფასდა.