ზოგიერთ ეკონომიკურ დანაშაულზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით , ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა და ასეთი ტიპის დანაშაულებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, პროექტზე აქტიური მუშაობა მიდის.

“აღნიშნული ინიციატივა სამთავრობო პროგრამის დაწერისას გამოცხადდა. ის 4-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტის შემადგენელი ნაწილია. მთავრობაში ამ საკითხზე მუშაობა მიდიოდა. როგორც ვიცი, ეს პროცესი ფინალურ სტადიაზეა და ჩემი ინფორმაციით, პროექტი პარლამენტში მალე შემოვა“, - აცხადებს კვიჟინაძე.

მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა და 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ ასეთი ტიპის დანაშაულებზე სრული ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს.

სამთავრობო პროგრამის ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” გათვალისწინებით, გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქმედებებისათვის, რომლებიც თავისი შინაარსით ისეთი საგადასახადო სამართალდარღვევაა, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა.

100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც მთავრობის შეფასებით, 2017 წლიდან ხანდაზმულობის ვადის 3-წლამდე შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის.

ასევე სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ გამოცხადდება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.