”ლარის გაუფასურება წმინდა ემოციური თემით არის გამოწვეული, ამას არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია”

ლარის გაუფასურება წმინდა ემოციური თემით არის გამოწვეული, ამას არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.კვიჟინაძე არ იზიარებას უმრავლესობის წევრების ერთი ნაწილის პოზიციას, ლარის გაუფასურების საქმეში ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დადანაშაულების შესახებ. როგორც კვიჟინაძემ “ინტერპრესნიუსის“ განუცხადა, კონკრეტული ფაქტების გარეშე, ბანკების მიმართ ვერავითარ ბრალს ვერ გამოთქვამს.

ამასთან, კვიჟინაძე ვარაუდობს, რომ აქციზის მომატების თაობაზე მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, შესაძლოა იმპორტიორებმა საქონელი წინასწარ შეიძინეს, რამაც ლარზე ასახვა ჰპოვა.

“რა იწვევს ლარის გამყარებას ან გაუფასურებას? არსებობს რამდენიმე თემა, რომელიც მუშაობს ვალუტის შემოსვლაზე და გასვლაზე. მათ შორის ბალანსი იწვევს ლარის გამყარებას ან გაუსაფურებას. კერძოდ, ძირითადად აქ არის ექსპორტი და იმპორტი, არის გადმორიცხვები, არის ტურიზმი და ინვესტიციები, რომელიც ამ ყველაფერს აბალანსებს. ყველაზე ცუდი შედეგი 2015 წლის იანვარში იყო, როცა ექსპორტი 30%-ით შემცირდა და იმპორტი პრაქტიკულად არ შემცირდა, 25%-ით შემცირდა გადმორიცხვები, შემცირდა ტურიზმი. ამიტომ ლარს ყველაზე ცუდი მდგომარეობა 2015 წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა. ამის შემდეგ რაიმე რადიკალური არ მომხდარა. გაუმჯობესდა სიტუაცია, როცა იმპორტი შემცირდა და ბალანსი დაცულია. უარყოფითი ბალანსი, რაც ექსპორტსა და იმპორტს შორის იყო, იმაზე უკეთესია, ვიდრე 2015, 2014, 2013, 2012 და 2011 წლებში იყო. ამიტომ აქედან ლარს ზეწოლა არა აქვს. დასტაბილურდა გამორიცხვები - ცოტა მოიმატა, მაგრამ არ შემცირებულა. ქვეყანაში შემოდის დიდი რაოდენობით ტურისტი. ინვესტიცებიც წინა წლებთან შედარებით მეტია. ამიტომ ისეთი ფუნდამენტური ეკონომიკური საკითხი, რამაც შეიძლება ლარის გაუფასურება გამოიწვიოს, არ არსებობს. ჩემი აზრით, მთავარი აქ არის ემოციური თემა - ჯერ იყო არჩევნების წინ კეთდებოდა განცხადებები, რომ ქვეყანა დაიქცევა, ყოფილი პრეზიდენტი ჩამოვა და ასე შემდეგ. აქციზებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რაღაც შიში გაუჩნდა ხალხს, რომ შეიძლება ფასმა მოიმატოს, იმპორტიორებმა ალბათ დაიწყეს წინასწარი შესყიდვა, რომ ამ აქციზებში არ მოყვნენ. წმინდა ემოციური თემაა, არავითარი ეკონომიკური საფუძველი ამას არ გააჩნია. პირობა იმისა, რომ ლარი გაფუჭდეს, არ არსებობს “, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.