"კომერციული საბანკო სექტორის კეთილსინდისიერებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ"

მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა კომერციული საბანკო სექტორისადმი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „იმედის“ „ღია ეთერში“, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა დაინტერესდნენ თუ არა შესაბამისი უწყებები კომერციული ბანკების საქმიანობით.

„მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის და ვთვლი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლიანი ბანკები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში. თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა, მათ შეუძლიათ, ამ კითხვებით მიმართონ. მაგრამ ინფორმაცია და ის ნდობა, რაც მე გამაჩნია საბანკო სექტორის მიმართ, აქ კომერციული ბანკების როლზე არ არის საუბარი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა განცხადებაში, რომ „გუშინ ჩვენ გვქონდა მიწოდების შოკი, რომელიც იყო არასწორი გადაწყვეტილებების შედეგი, ოღონდ არა სახელმწიფო სექტორის ნაწილში“, პირველი ვიცე-პრემიერი პასუხობს, რომ „მთლიანად ეკონომიკურ აგენტებს, რადგან იდეაში ძალიან მოულოდნელი იყო, რაც გუშინ მოხდა“.

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბაზრის გაანალიზება, იყო თუ არა გაზრდილი მოთხოვნა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მოთხოვნა არ იყო გაზრდილი და ზუსტად იგივე დონეზე იყო, როგორც იყო წინა დღეებში. თუმცა, გარკვეულმა პირებმა, კომპანიებმა ან სხვა ეკონომიკურმა სუბიექტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ. ამან წარმოქმნა ძალიან სწრაფი აღმავალი მოძრაობა, თუმცა, ძალიან სწრაფადვე, სწორი კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბაზარმა გააკეთა რეაგირება. დროული იყო ეროვნული ბანკის განცხადება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.