"წელს ტურიზმის სექტორში ველოდებით 6,4 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს და 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს"

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს სპეციალური პრიზი გადასცა.

მისასალმებელ სიტყვაში, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, აღნიშნული სექტორი ქმნის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს და მოაქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი.

„წელს, ტურიზმის სექტორში ველოდებით 6,4 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო სექტორიდან - 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც სექტორში მოღვაწე კომპანიებს უფასდებათ შრომა და „მათ ხმამაღლა ვეუბნებით მადლობას“.

დაჯილდოება წელს მეორედ გაიმართა და 19 ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად იყო გაყოფილი, პირველ ეტაპზე - ონლაინ ხმის მიცემა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები - კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველომ“ დაითვალა და შეაჯამა. შემდეგ ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში გამოავლინა. ორგანიზატორების განცხადებით, “Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.