თამბაქოს ნაწარმის იმპორტი საქართველოდან ყოველწლიურად 100 მლნ დოლარზე მეტი ვალუტის გადინებას იწვევს

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საგადასახადო ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებაც 2017 წლიდან იგეგმება.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, დამატებითი შემოსავლების მიღება, როგორიცაა ცალკეულ პროდუქციაზე, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდა.

”ითქვა, რომ თამბაქოს ნაწარმი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო ჯგუფია. მისი იმპორტი ყოველწლიურად 100 მლნ დოლარზე მეტი ვალუტის გადინებას იწვევს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა გამოკვლევების მონაცემებით, დღეისთვის თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელია ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრება საგადასახადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ აღნიშნულ სექტორში მოსალოდნელი შედეგების შესახებ”, - აცხადებენ სამინისტროში.