გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა , - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება.

მათივე ცნობით, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის გზების გაწმენდა შეუძლებელია, ვინაიდან გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულის რეკომენდაციას არ იძლევა და ადგილზე ტექნიკა მაშინვე იქნება მობილიზებული, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.