ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურმა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების სისტემატიურად დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, როგორც ფიზიკურმა პირმა დაამზადა ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად მიუთითა, მის მიერვე უკვე დამზადებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში არაერთხელ დაფიქსირებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აუქციონის საშუალებით შეძენილი ხე-მასალის შტრიხკოდები და დოკუმენტების ნომრები.

„დაკავებულმა ყალბი შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, ადიგენის რაიონიდან ქალაქ თბილისში, არაერთხელ მოახდინა უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალის ტრანსპორტირება და მისი რეალიზაცია, ხოლო შემდგომ სისტემატურად აუქმებდა მის მიერვე დამზადებულ ყალბ ზედნადებებს, თითქოსდა არ განუხორციელებია ხე-მასალის ტრანსპორტირება ადიგენიდან ქალაქ თბილისში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას.