აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტით, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აკრძალულია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობაა აკრძალული. დოკუმენტს 375-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია თანხების გამოყოფა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე. ეს შეზღუდვა იქამდე იმოქმედებს, ვიდრე პენტაგონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით არ შეატყობინებს აშშ-ის კონგრესს იმის თაობაზე, რომ მოსკოვმა შეწყვიტა „უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინისა და ნატო-ს წევრების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

აკრძალულია ასევე ნებისმიერი ქმედებების დაფინანსება, რომლებიც ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს.

გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია 4.3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა „რუსეთის შეკავებაზე“. აღნიშნული თანხა გამოყოფილია „პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო დიპლომატიაზე“, ასევე ნატო-ს ფარგლებში მოკავშირეების და ევროპა და აზიაში აშშ-ის პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერაზე.