2017 წლის 1-ელი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზრდა იგეგმება

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გაზრდა 2017 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

ამას ითვალისწინებს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

კანონპროექტის მიღების მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების ოდენობის ოპტიმიზაცია და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა.

კანონპროექტის მიხედვით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა განსაზღვრულია კვარტალში 15000-დან 30000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება 20 000-დან 40 000 ლარის ჩათვლით.

თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებლის განაკვეთი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია 1500-დან 3000 ლარის ჩათვლით. ცვლილების შესაბამისად, განისაზღვრება კვარტალში 2 000-დან 4 000 ლარის ჩათვლით.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი დღეის მდგომარეობით არის 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება კვარტალში 100 000-დან 120 000 ლარის ჩათვლით.

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე მოსაკრებლის განაკვეთია კვარტალში 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება 1500-დან 20 000 ლარის ჩათვლით.

თითოეულ კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში არის 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება 4 000- დან 14 000 ლარის ჩათვლით.