2016 წლის ვირუსული სარეკლამო რგოლები

შობა, ოლიმპიური თამაშები და როკ-ჯგუფ OK Go-ის მონაწილეობით გადაღებული სარეკლამო ვიდეორგოლები მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

გამოცემა AdWeek 2016 წლის ყველაზე ნახვადი რეკლამების რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც პირველი ადგილი ბრიტანული სავაჭრო ქსელის John Lewis-ის საშობაო რეკლამა იკავებს.

ბრიტანული ქსელის საშობაო რეკლამა არაერთხელ დასახელდა წლის ყველაზე პოპულარულად. ამჯერად ქსელმა რგოლი პატარა გოგონას საჩუქრის შესახებ ჯადოსნურ ისტორიას მიუძღვნა. AdWeek-ის მონაცემებით, John Lewis-ის საშობაო რეკლამამ, სახელწოდებით #BusterTheBoxer სულ რამდენიმე დღეში 1 949 387 გაზიარება დააგროვა.

რეიტინგში მეორე ადგილი ერგო ბრიტანული არხის Channel 4-ის 3-წუთიან რგოლს პარაოლიმპიელებზე „ჩვენ სუპერადამიანები ვართ“. რგოლს 1 851 533 გაზიარება აქვს.

მესამე ადგილზე კი კომპანია Shell-ის ვიდეორგოლი „ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე“ აღმოჩნდა, რომელმაც 1 683 072 გაზიარება დააგროვა.

ხუთეულში ასევე მოხვდა კომპანია Vodafone-ის მობილურის რეკლამა 1 435 350 გაზიარებით და ავიაკომპანია S7 Airlines-ის და პოპულარული როკ ჯგუფის Ok Go-ს ერთობლივი რეკლამა 1 240 842 გაზიარებით.