პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მასთან დაკავშირებული ინიციატივების განხილვის საკითხზე შეთანხმდებიან

დღეს, პარლამენტის ბიუროს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები წარედგინება. სწორედ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, რა ფორმატსა და ვადებში მოხდება მათი განხილვა და დამტკიცება.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში 30 ნოემბერს შევიდა, თან ერთვის: - ”საგადასახადო კოდექსში”, ”სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ” კანონში, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და ”საბიუჯეტო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტები.

როგორც ცნობილია, საბიუჯეტო პროექტის განხილვის მეორე ეტაპი, რომელიც პლენარული სხდომის ფორმატში 15 ნოემბრამდე უნდა გამართულიყო, პარლამენტში საერთოდ არ შემდგარა. მთავრობის მიერ 30 ნოემბერს წარდგენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი კი, ”საბიუჯეტო კოდექსით” და რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, დასამტკიცებლად პირდაპირ სესიაზე უნდა გავიდეს. გარდა ამისა, სამი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა სჭირდება იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთვის თან.

სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ფორმატსა და პროცედურებზე ბიუროზე შეთანხმდებიან. მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი რამდენიმე ახალი ინიციატივით წარადგინა.

კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს 65 მლნ ლარს ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის. აღნიშნული სახსრები მოხმარდება იმ ფიზიკური პირების სესხების ლარში კონვერტირების სუბსიდირებას, რომელთაც უცხოურ ვალუტაში აიღეს სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, არა უმეტეს 100.0 ათასი ლარისა.

2017 წლიდან დაგეგმილია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა. კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი - 0,60 ლარით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 0,30 ლარით იზრდება, რაც როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, იმპორტის ნაწილობრივი შემცირების გათვალისწინებით, დამატებით 200.0 მლნ ლარამდე შემოსავალს იძლევა.

გაიზრდება აქციზის განაკვეთი ავტომობილებზე. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმპორტის ნაწილობრივ შემცირებასთან ერთად, 2017 წელს დამატებით 45.0 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზების შესაძლებლობას იძლევა. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, შემუშავებულია ავტომობილზე აქციზის განაკვეთები, რაც გულისხმობს ძველი და გარემოსათვის მავნე ავტომობილებისთვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთს.

ასევე გაიზრდება აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, რაც ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის ბიუჯეტში დამატებით 250.0 მლნ ლარზე მეტ შემოსავალის მომცემი იქნება.

გარდა ამისა, როგორც ფინანსთან სამინისტრო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტთან დაკავშირებით განმარტავს, თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში 10-10 პროცენტით იკვეცება შრომის ანაზღაურების ფონდი და ადმინისტრაციულ ხარჯები. აღნიშნული შემცირება 2016 წელთან შედარებით იწვევს 100.0 მლნ ლარზე მეტი ეკონომიის წარმოქმნას.

მისივე განმარტებით, მცირდება ან უქმდება საბიუჯეტო პროგრამების ნაწილი. შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი და შემცირდება საწვავის ხარჯები.

იგეგმება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის გაუქმება ან ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა. მათ შორის გაუქმდება საინვესტიციო სააგენტო და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს მეწარმოების განვითარების სააგენტოს დაემატება. დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. მნიშვნელოვნად შემცირდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დაფინანსება. გაუქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი.

”აღნიშნული რეფორმების შედეგად 2017-2020 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდება ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები. კერძოდ, მიმდინარე წელს ჩვენი ეკონომიკის (ნომინალური მშპ) 26,5% იხარჯება მიმდინარე ხარჯებში. ჩვენ ამ შეფარდებას ყოველწლიურად შევამცირებთ და ჩამოვალთ მშპ-ს 21,5%-მდე, ამასთან სოციალური ხარჯები ნომინალურ გამოხატულებაში ყოველწლიურად გაიზრდება. შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მშპ-ს 5,3%-დან 2017 წელს მცირდება 4,7%-მდე, ხოლო 2020 წლამდე 3,9%-მდე შემცირდება. საქონელი და მომსახურების კუთხით გაწეული ხარჯები წლევანდელი 4,3%-იდან 2020 წლამდე 3,2%-მდე მცირდება”, - აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2017 წლისათვის მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს გათვალებით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი - 3.0%-ის ფარგლებში.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2017 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 35.9 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2020 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 45,2 მლრდ ლარამდე.

2017 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 9 540,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 26,6%-ია.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით განისაზღვრა.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები - 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 922.7 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.