რა უჯდება საქართველოს ეთნოკონფლიქტები

საქართველოსთვის ეთნოკონფლიქტები ერთ-ერთი რთული და მტკივნეული საკითხია. კონფლიქტებიდან მიღებული ზარალი და ამ კუთხით გაწეული ხარჯები, მუდმივად განსჯის საგანია.

რამდენს ხარჯავს საქართველო კონფლიქტებზე, რამდენად აისახება შედეგების ეფექტიანობაზე ეს ფული - ამ თემაზე კავკასიური სახლის ადგილობრივმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა იმუშავეს და საინტერესო დასკვნები სპეციალური კვლევის სახით წარმოადგინეს. ორგანიზაციამ კვლევის შედეგად დაადგინა, რომ საქართველოს ყოველწლიურად კონფლიქტების ფასი მთლიანობაში 88 586 000 ლარი უჯდება, თუმცა ეს თანხა მაინც არ არის სრული მონაცემი.

რამდენად რაციონალურად იხარჯება ეს თანხები ბიუჯეტიდან და როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებაზე, - თემაზე "ბანკები და ფინანსები" კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- რა თქმა უნდა, კონფლიქტებს სოციალური და პოლიტიკური ასპექტის გარდა, საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მხარე აქვს. საინტერესოა, ყოველწლიურად რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს ეთნოკონფლიქტები?

- კონფლიქტებზე მუშაობა ბევრ სამინისტროზე და სხვა ინსტიტუციებზე არის დამოკიდებული. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, უშიშროების საბჭო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა. შ. იმ შემთხვევაში თუ ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ კონფლიქტებზე მომუშავე ინსტიტუციების ხარჯებზე, ჩვენი კვლევების თანახმად, ეს თანხა არის დაახლოებით 90 მილიონი ლარი. ხაზს ვუსვამ, რომ ამ თანხაში შედის მხოლოდ პირდაპირ კონფლიქტებზე ფოკუსირებული ინსტიტუციების მუშაობა და არა სხვა უწყებები, რომლებიც ასევე მუშაობენ კონფლიქტებზე.

- ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან კონფლიქტებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიზნობრიობის საკითხი, კრიტიკას იმსახურებს. თქვენი აზრით, რამდენად რაციონალურად ხდება აღნიშნული თანხების ხარჯვა ბიუჯეტიდან?

- ზოგადად, ასე ცალსახად ვერ ვიტყვით რაციონალურად იხარჯება თუ არა. უბრალოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, ცალკეული უწყებების შემთხვევაში, საქმე გვაქვს რაოდენობრივად გაბერილ კადრებთან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ იმ სახელმწიფო უწყებების მახასიათებელი, რომლებიც კონფლიქტებზე მუშაობენ. ეს ეხება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც. შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს ხარჯები შემცირდეს, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ეს სტრუქტურები, რადგან მოხდეს ბიუჯეტიდან თანხების დაზოგვა.

- რადგან კონფლიქტებზე ვსაუბრობთ, აქვე გკითხავთ დევნილთა შესახებ. თუ გაქვთ დათვლილი, რა ფინანსური რესურსები არის საჭირო იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად?

- სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში ეს საკითხები გამოსწორებულია. მაგალითად, 70-90 მილიონამდე ლარი არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტი და, ამ თანხიდან, დიდი ოდენობა მოდის ზუსტად დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მიმდინარეობს სახლების მშენებლობა ან შეძენა. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები ჯერ არ დასრულებულა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

რამდენი იხარჯება და რამდენი არის მთლიანობაში საჭირო იმისათვის, რომ დევნილების ცხოვრება უკეთესი გახდეს, არ დაგვითვლია. თუმცა, თუ მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, გეტყვით, რომ კიდევ რამდენიმე წლის მუშაობა არის საჭირო ამ მიმართულებით, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს.

ჯერ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დასაკმაყოფილებელია საცხოვრებლით. დევნილების პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. საცხოვრებელი ბინებით მათი უზრუნველყოფა მხოლოდ პირველი ეტაპია. ამის შემდეგ კიდევ ბევრი ეტაპია გასავლელი, დასაქმების მხრივ და ა. შ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ამ პრობლემის მოგვარებისთვის გამოყოფილი სახსრები, თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ხარჯები უნდა შემცირდეს თუ პირიქით?

- თუ ქვეყანა პრიორიტეტად ისახავს მაგალითად, საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოს დევნილები და ერთ-ორ წელიწადში უნდა მოაგვაროს ეს საკითხი, მაშინ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი ამ მიმართულებით და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ რა თანხებიც არის გამოყოფილი, მათი რაციონალური განაწილება ვერ ხდება. აშკარად ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული. გაუგებარია ამა თუ იმ დეპარტამენტის ფუნქცია. განსაკუთრებით აფხაზეთის ავტონომიურ მთავრობაში, სადაც საკმაოდ უცნაური დასახელების სამინისტროებია, რომლებსაც პრინციპში არანაირი შეხება არ აქვთ იმ საქმესთან, რასაც პრინციპში უნდა ასრულებდნენ. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გარკვეული სოციალური პროგრამა ამ ადამიანების დასაქმების კუთხით.

- შედარებისთვის, თუ შეგიძლიათ მოიყვანოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ხარჯავენ ფულს ბიუჯეტიდან კონფლიქტებზე, როგორია მათი დანახარჯები ჩვენს დანახარჯებთან შედარებით?

- ცალკეული სტრუქტურების მიხედვით ეს რთული საკითხია, თუმცა ჩვენ კვლევებში გვაქვს რამდენიმე შემთხვევა აღებული, მაგალითად, აზერბაიჯანის, რომლებსაც იგივე დევნილების პრობლემა აქვთ, ასევე მოლდოვის, უკრაინის, კვიპროსის და ა. შ. აქაც არის გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც კონფლიქტებზე მუშაობენ, მაგრამ ძირითადად ვხედავთ, რომ იქ ინსტიტუციურად უწყებები არ არის ცალკე გამოყოფილი როგორც ჩვენთან. ისინი არიან ცალკეული სამინისტროების შიგნით. აქედან გამომდინარე, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ძვირი უჯდებათ სხვა ქვეყნებს კონფლიქტები. მთავარი განსჯის საგანი არის, თუ რამდენად ეფექტურია ამა თუ იმ ინსტიტუციის მუშაობა. თუ, მაგალითად, აფხაზეთის მთავრობას აუქმებ და 600 ადამიანი, რომლებიც იქ არიან დასაქმებული, სხვა რომელიმე სამინისტროს მიუერთებ, ამ პრინციპით არაფერი შეიცვლება. ხარჯი იგივე დარჩება. მთავარია განისაზღვროს რამდენი ადამიანი გვჭირდება რეალურად. იმ ქვეყნებში, რომელიც ჩამოვთვალე, ცოტა სხვა პრინციპით არის გადანაწილებული ეს ყველაფერი.

ბაჩანა ჯინჭარაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"