იტალიაში გამართული რეფერენდუმის ფონზე აზიის საფონდო ბაზრები დაეცა

იტალიაში, საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგების ფონზე, აზიის საფონდო ბაზრები დაეცა.

0,82%-ით დაეცა ტოკიოს Nikkei 225-ის ინდექსი, 0,75%-ით კი Topix-ის ინდექსი. 0,67%-ით შემცირდა ჰონგ კონგის Hang Seng-ის ინდექსი, 0,28%-ით კი სამხრეთ კორეის Kopsi-ის ინდექსი.

4 დეკემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდებოდა. მის შემადგენლობაში შევიდოდა 21 მერი, 74 რეგიონალური მრჩეველი და 5 სენატორი, რომლებსაც 7 წლის ვადით ქვეყნის პრეზიდენტი დანიშნავდა. რეფორმა ითვალისწინებდა ქვეყნის რეგიონების უფლებამოსილების შემცირებას: ენერგეტიკის, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხები უშუალოდ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში გადავიდოდა.

საკონსტიტუციო რეფორმის გამართვას რეფერენდუმში მონაწილეთა 60%-მა მხარი არ დაუჭირა. რეფერენდუმის შედეგების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი თანამდებობიდან გადადგა.