ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობა მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,9%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია ”საქსტატის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მესამე კვარტალში მისი მოცულობა 8,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,8%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 10,2% - საშუალო, ხოლო 9,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 79,3%, საშუალოზე - 10,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 9,8%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2016 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში 11,1 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,1%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 6,8 მლრდ ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,6 %-ით მეტი).

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 606,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,6%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 568,2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1738,5 მლნ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9,8 %-ით მეტი).

2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 51,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 739,0 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 40,9 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1160,7 ლარი; საშუალო ბიზნესი – 915,6 ლარი; მცირე ბიზნესი – 576,6 ლარი.

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,2% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 12,1%-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,2%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 9,4%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 21,2% სხვა დარგებზე ნაწილდება.

2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,2%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (20,5%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12,8%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 8,3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,3 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2016 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,7%, 14,1% და 10,5%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,1%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 71.1%; აჭარის ა/რ – 8.0%; ქვემო ქართლი – 5.2%; იმერეთი – 4.7%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

თბილისი – 66.8%; აჭარის ა/რ – 9.0%; ქვემო ქართლი – 6.3%; იმერეთი – 4.6%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისი – 64.8%, აჭარის ა.რ. – 9.5%, იმერეთი – 7.0%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6%.