აუდიტის სამსახური - პარტიების მიერ დაახლოებით 10 მილიონზე მეტია დახარჯული, ვიდრე მიღებული იყო შემოწირულობა

საარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ გაწეული ხარჯები მიღებულ შემოწირულობებს დაახლოებით 10 მილიონი ლარით აღემატება , - აღნიშნული მონაცემები აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კამპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგის შედეგებშია დაფიქსირებული.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2016 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით „ქართულმა ოცნებამ“ 22 212 663 ლარის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4 396 452 ლარის, „პატრიორტთა ალიანსმა“ - 2 391 046 ლარის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 2 524 362 ლარის, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ - 1 694 759 ლარის ოდენობის ხარჯები გაწიეს. ჯამში, პარტიების მიერ გაწეულმა ხარჯებმა 39 472 486 ლარი შეადგინა, შემოწირულებებმა კი 29 212 382 ლარი შეადგინა.

როგორც გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, იმ საკითხში, რომ შემოწირულობასა და ხარჯებს შორის სხვაობაა, ამაში აუდიტის სამსახური პრობლემას ვერ ხედავს.

„ჩვენ ინფორმაცია მხოლოდ დეკლარირებულ შემოწირულობებსა და ხარჯებზე გვაქვს. დაახლოებით 10 მილიონზე მეტია დახარჯული, ვიდრე მიღებული იყო შემოწირულობა. აღნიშნული ხარჯები გაწეული იყო იმის ხარჯზე, რომ პარტიებს ჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსება, ასევე სხვა ტიპის შემოსავალი. ჩვენი მონაცემები მოიცავს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში მიღებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას, აქედან გამომდინარე, შემოწირულობებსა და ხარჯებს შორის სხვაობაში მე პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.