ზურაბ აზნაურაშვილი - აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურისთვის გადაგზავნილი 3 საქმიდან ორი ”ნაცმოძრაობის” კანდიდატებს ეხებათ

აუდიტის სამსახურის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში პროკურატურისთვის გადაგზავნილი 3 საქმიდან ორი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს ეხებათ , - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აზნაურაშვილის ინფორმაციით, საქმეები, რომლებიც პროკურატურას გაეგზავნა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და შესაბამისად, აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცილდებოდა.

”პროკურატურაში ჩვენს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გადაგზავნილია 3 საქმე. აქედან ერთია შედარებით ძველი საკითხი, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება. მეორე საკითხი ეხება მარნეულში, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მიერ ეტლის გადაცემას, რომელზეც საჩივარი შემოვიდა. პროკურატურის მიერ ასევე ჩვენთან იყო გადმოგზავნილი ინფორმაცია შესწავლის მიზნით, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ სავარაუდოდ საკვები პროდუქტების დარიგებაზე. ეს საქმე ჩვენს კომპეტენციას სცდება და მოკვლეული მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას”, - განაცხადა აზნაურაშვილმა.

რაც შეეხება უკანონო შემოწირულებების გამო დაკისრებულ ჯარიმებს, როგორც აზნაურაშვილმა განმარტა, ჯარიმის გადახდა იმ პირს მოუწევს, ვინც უკანონო შემოწირულება განახორციელა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება მესამე პირი, რომელმაც შემომწირველს თანხა უკანონო შემოწირულების განსახორციელებლად გადასცა, ამ შემთხვევაში ჯარიმა სწორედ ამ მესამე პირს ეკისრება.

როგორც აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 2016 წლის საარჩევნო პერიოდის მონიტორინგისას იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მესამე პირის გამოვლენა მოხერხდა.