საქართველოდან ღვინის ექსპორტმა ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია

2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი - 1 521 802 ბოთლი, თებერვალი - 3 009 754, მარტი - 2 877 640, აპრილი - 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი - 4 327 983, ივლისი -3 766 752, აგვისტო - 3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი - 5 264 684 და ნოემბერი - 6 665 311 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი), უკრაინაში - 73% (5 179 454), ბელარუსში - 62% (1 060 806), რუსეთში - 48% (24 914 877), პოლონეთში - 47% (2 123 500), ესტონეთში - 37% (588 450), კანადაში 30% (198 456), აშშ-ში - 27% (294 382), დიდ ბრიტანეთში -25% (87 428), ლატვიაში 15% (1 139 706), იაპონიაში - 14% (144 126), ყირგიზეთში - 9% (202 666), გერმანიაში - 4% (270 176) და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500).

ამასთან, განვლილ 11 თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 31% შეადგინა.