მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე საჰაერო გადასასვლელი აშენდება

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ) „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალურ გაზსადენზე ყაზბეგის რაიონში, მდინარე ყუროს ხევზე საჰაერო (ვანტური) გადასასვლელს აშენებს.

როგორც კორპორაცია იუწყება, ამ დროისთვის გადასასვლელისთვის უკვე მოეწყო ბეტონის საანკერო და საქარე საყრდენები ბაგირების ჩასამაგრებლად და უახლოეს მომავლში დაგეგმილია ბაგირების მონტაჟი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება გაზსადენის განთავსება ხსენებულ ბაგირებზე.

მათი ცნობით, სამუშაოებს სნგკ-ის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია “ელიტა ბურჯი“ ასრულებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 483 472 ლარია.

”ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი ამჟამად მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადის, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ახალი გადასასვლის მშენებლობის შემდეგ ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და მილსადენი დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან”, - აცხადებენ ნავთობის და გაზის კორპორაციაში.