უწერაში სასტუმრო მოეწყობა

ონის რაიონში, სოფელ უწერაში 12 ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე მორიგი უძრავი ქონება გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სოფელ უწერაში მდებარე 1691 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მცირე ზომის სასტუმრო აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 450 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე გაყიდული ობიექტია. შეგახსენებთ, რომ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი თბილისში გორგასლის შესახვევში, N5-ში მდებარე ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის მაგივრად განთავსდება, ასევე ახალი სასტუმრო განახლებულ აღმაშენებლის ქუჩაზე, ფოსტის ყოფილი შენობის ადგილზეც მოეწყობა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, 10 390 000 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა, ხოლო სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 15 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.