მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 3 დეკემბერს, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის სახელობის მაღაროზე, 22:30 საათზე, უბედური შემთხვევის შედეგად ელმავლის მემანქანემ პაატა ღავთაძემ სიცოცხლისთვის არათავსებადი ტრავმა მიიღო, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, პაატა ღავთაძემ ცარიელი ვაგონები უბნის ,,ასაქცევში" დატოვა და თვითონ დატვირთული ვაგონების გამოსატანად მაღაროში შევიდა. უკან მადნით დატვირთული ვაგონები წამოიყვანა და ,,ასაქცევს" მიუახლოვდა, ელმავლიდან თავი გამოყო რათა დაენახა პარალელურ ლიანდაგზე მდგარი ცარიელი ვაგონები და ორ შემადგენლობას შორის არსებული მცირე მანძილის გამო თავზე ტრავმა მიიღო.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად შსს-ს საგამოძიებო ორგანო მუშაობს, გარდაცვლილს კი ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

”გამოძიების დასრულების შემდეგ შეიქმნება ფაქტის კვლევის კომისია, რომელშიც პროფკავშირის შრომის ინსპექტორების ჩართვასთან დაკავშირებით კომპანიამ თანხმობა უკვე განაცხადა. ამ ეტაპზე შეუძლებელია გაკეთდეს შეფასებები ბრალეულობასა და პასუხისმგებლობის შესახებ, რადგან კონკრეტული დეტალები მხოლოდ კვლევის შემდეგ იქნება ცნობილი, თუმცა იმის თქმა კი ნამდვილად შეიძლება, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე”, - აცხადებენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირში.

მათივე ინფორმაციით, 2007 წლიდან 2016 წლამდე სტატისტიკის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება და 80 ადამიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ტრავმებს იღებს, დინამიკა კლებადი არ არის, უფრო მეტიც, 2015 წლის 12 თვეში რამდენი სასიკვდილო შემთხვევაც იყო, 2016 წელს იმდენივე იყო 6 თვის მონაცემებით.

”ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა არაეფექტურია და აუცილებელია როგორც შრომის ინსპექციის შექმნა და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მიღება, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ეხება.

სახელმწიფო სტრუქტურებს, პროფკავშირებს, მასმედიას და არასამთავრობო სექტორს ამჟამად მხოლოდ იმის შესაძლებლობა გააჩნია, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მოახდინოს რეაგირება, შესაბამისად, აუცილებელია შრომის უსაფრთხოების მართვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრევენციო ხასიათის პროცესებს”, - ნათქვამია განცხადებაში.