"მაღაროში მემანქანის მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები უხეშად იგნორირებული იყო"

კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში, მაღაროში მემანქანის მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები უხეშად იგნორირებული იყო. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის სახელობის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზის” პიარ დირექტორი, ზაქარია ზალიკაშვილი კომენტარს აკეთებს.

”უბედური შემთხვევა დადგა პარასკევს, ღამის თერთმეტ საათზე, დაიღუპა ელმავლის მემანქანე. რაც გვაქვს წინასწარი მონაცემები, დაზარალებულის მხრიდან უხეშად იგნორირებული იყო შრომითი უსაფრთხოების ნორმები. საქმე 204-ე მუხლით კვალიფიცირდება და პროკურატურას გადაეცა. გარემოებები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. წინასწარი მონაცემები, ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა”, - აღნიშნა ზაქარია ზალიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს მაღლა აყენებს. ამასთან, ზაქარია ზალიკაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფოში სტანდარტები დადგენილი და გაწერილი ყოველი პროფესიული დარგის მიხედვით, (ვინც მაღალ ძაბვაზე, სიმაღლეებზე მუშაობს და ა.შ.) დახვეწილი არ არის და ამ მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი.

”ჯორჯიან მანგანეზის” პიარ დირექტორის ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, საწარმოო ტრავმები შემცირებულია, თუმცა შემთხვევები მაინც ხდება.

”უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძიება მიზეზებს ადგენს, ეს არის შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება და დარღვევა”, - განმარტა ზაქარია ზალიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სანამ კომპანიაში თანამშრომელს მიიღებენ, მათ ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ მხოლოდ შრომით უსაფრხოებაში, წელიწადში ორჯერ ყველას უტარდება შრომითი უსაფრთხოების ინტენსიური ტრენინგი, ხოლო, რაიმე შემთხვევის დადგომისას, პრეცენდენტული გარჩევა ხდება. ამასთან ჯგუფი, რეგულარულად ამოწმებს რამდენად იცავენ თანამშრომლები შრომით უსაფრთხოებას მაღაროში, ქარხნებში, ღუმელებთან და ა.შ.

პიარ დირექტორის ინფორმაციით, შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოცდილ მუშებში უფრო ხდება, ვიდრე ახალბედებში.

ამასთან, მისივე ცნობით, კომპანია გარდაცვლილი მემანქანის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს, ბრალეულობის შესახებ კი ინფორმაცია მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 2016 წლის 3 დეკემბერს, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის სახელობის მაღაროზე, 22:30 საათზე, უბედური შემთხვევის შედეგად ელმავლის მემანქანემ პაატა ღავთაძემ სიცოცხლისთვის არათავსებადი ტრავმა მიიღო, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციის თანახმად, პაატა ღავთაძემ ცარიელი ვაგონები უბნის ,,ასაქცევში" დატოვა და თვითონ დატვირთული ვაგონების გამოსატანად მაღაროში შევიდა. უკან მადნით დატვირთული ვაგონები წამოიყვანა და ,,ასაქცევს" მიუახლოვდა, ელმავლიდან თავი გამოყო რათა დაენახა პარალელურ ლიანდაგზე მდგარი ცარიელი ვაგონები და ორ შემადგენლობას შორის არსებული მცირე მანძილის გამო თავზე ტრავმა მიიღო.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად შსს-ს საგამოძიებო ორგანო მუშაობს, გარდაცვლილს კი ტექნიკური და სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.