რა უპირატესობა აქვს და რა ღირს ჰიბრიდული ავტომობილი

2017 წლის 1 იანვრიდან, ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მცირდება. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი კიდევ 10%-ით შემცირდება.

"გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდება 60%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 50 პროცენტისა,"- ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.

ჰიბრიდული ავტომობილი 1997 წელს შეიქმნა და ჩვეულებრივისგან განსხვავებით, შიდა წვის ძრავთან ერთად, ელექტროძრავიც აქვს, რის გამოც, უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

ჰიბრიდული მანქანები პრინციპულად განსხვავებულია თავისი აგებულებითაც.

ჰიბრიდი აღჭურვილია დაბატებით ელექტრო ელემენტებით, რომლებიც ავტომობილს საშუალებას აძლევს, მსუბუქი დატვირთვისას, მხოლოდ ელექტროძრავის გამოყენებით გადაადგილდეს.

ავტოიმპორტიორთა კავშირის დირექტორმა, მიხეილ ალხანიშვილმა განმარტა, რომ როდესაც ავტომობილი დიდი დატვირთვით არ მუშაობს, ელექტროძრავს იყენებს და, შესაბამისად, ნაკლები დანახარჯებით გადაადგილდება. რაც შეეხება ფასს, ეს ბაზარზეა დამოკიდებული.

ახალი ავტომობილის ფასი, დაახლოებით, 30 000$-ის ფარგლებში მერყეობს.

როგორც მიხეილ ალხანაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საქართველოში, ავტომობილების იმპორტი, ძირითადად, ამერიკიდან, ევროპასა და იაპონიიდან ხორციელდება.

ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ მოთხოვნა ჰიბრიდულ მანქანებზე აქამდეც მაღალი იყო და, შესაბამისად, ინიციატივის ამოქმედების შემდეგ, იმპორტი და რეალიზაცია გაიზრდება. ავტო დილერმა, ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, რომ განუბაჟებელი ჰიბრიდული ავტომობილი დღეს, მინიმუმ, 5 000 დოლარი ღირს.

"ჰიბრიდულ მანქანების შემთხვევაში, არჩევანს უმთავრესად ტოიოტა პრიუსზე აკეთებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში ამ ტიპის ავტომობილებისთვის სერვისი ძვირია, რადგან ამ ეტაპზე, სრულყოფილი სერვისი არ გვაქვს", - განმარტა ელგუჯა ჯამაგიძემ.

ჰიბრიდული ავტომობილების მატება შეიმჩნევა, როგორც ქალაქში, ისე მომსახურების სფეროში.

გაჩნდა ტაქსის მომსახურების კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით ემსახურებიან. იხილეთ გაგრძელება