ირაკლი სესიაშვილი - ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, თუ რაში დაიხარჯება აშშ-ს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, კონკრეტულად თუ რაში დაიხარჯება აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები.

„მე მივესალმები ამ რეზოლუციას, სადაც მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილია მორიგი დახმარება, მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. რეზოლუციაში ამ პოზიციის დაფიქსირებით კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი ჩვენს პარტნიორობას და იმას, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, რაც მდგომარეობს რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აქ მართლაც გამორჩეული პარტნიორები ვართ. ამ ეტაპზე კონკრეტულად საუბარი ნაადრევია, თუ რაში დაიხარჯება გამოყოფილი თანხები. მთავრობები მუშაობენ, პრიორიტეტები განისაზღვრება და ამის შემდეგ კონკრეტულად მიემართება ეს თანხები“, - განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების წინ წაწევაში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში.

პროექტი, გასულ კვირას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 375 ხმით დამტკიცდა.