დავით ნარმანია - მდინარე ვერეს ხეივანში ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა

მდინარე ვერეს ხეივანში, ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენი 12% კონტრაქტორმა კომპანიამ ჩაანაცვლა ისე, რომ ბიუჯეტიდან რაიმე სახის დამატებითი სახსრები არ დახარჯულა.

”საშემოდგომო გამწვანების სეზონი დასასრულს უახლოვდება. გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში ამ წლის შემოდგომაზე დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში დაირგო 80 000-მდე ხე. მნიშვნელოვანია ის, რომ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და რამდენიმე ადგილას ზეთისხილის ბაღები გაშენდა, დიდი დიღმის და სოფელი დიღმის გამყოფ ხიდზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება. რამდენიმე ადგილას მოეწყო ქარსაცავი ზოლები. ამ ყველაფრის გაკეთების საშუალება ჩვენ იქიდან გამომდინარე მოგვეცა, რომ აქცენტი ავიღეთ უფრო მაღალი ხეების დარგვაზე და შესაბამისად, ამ ხეების 4-წლიანი მოვლა-პატრონობის ინსტრუმენტები იქნა შემუშავებული, რაც გვაძლევს ძალიან კარგ შედეგს. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანი, რომლის ხმობასთან დაკავშირებითაც დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა, რაც გახარების საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ხოლო დარჩენილი 12% ჩაანაცვლა კონტრაქტორმა კომპანიამ ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან რაიმე სახის დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის ცენტრში მოსახლეობასთან ერთად შეირჩა ადგილები და 5 000-მდე ხე დაირგა.

”დედაქალაქის ცენტრში მოსახლეობასთან ერთად შეირჩა ადგილები და 5 000-მდე ხე დაირგა დაახლოებით სამნახევარი მეტრის სიმაღლის, ასევე მთლიანად შესყიდული იყო სტანდარტული ზომის ნერგები 120 სანტიმეტრი სიმაღლის და დაირგა თბილისის შემოგარენში”, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემად რჩება დაავადებული და გამხმარი ფიჭვის კორომების სანიტარული ჭრები ქალაქში. როგორც მან აღნიშნა, შარშან ცენტრალური მთავრობის დახმარებით დაახლოებით 55 000-მდე გამხმარი ხე მოიჭრა, დღესაც არის იდენტიფიცირებული უბნები, სადაც აუცილებელია მსგავსი ჭრების განხორციელება.