დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო სექტორს ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების პროცესში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს. შესაბამისად, მათ უნდა გააგრძელონ შემდგომში ეკონომიკის დაკრედიტება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს სამთავრობო რეფორმებისადმი და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან როგორც საბანკო, ისე ეკონომიკის სხვა სექტორების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.