საწვავთან ერთად საავტომობილო ზეთების ფასიც გაიზრდება

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მომავალი წლიდან აქციზის გადასახადი არა მარტო ავტომობილებსა და საწვავზე, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზეც გაიზრდება. კანონპროექტის მიხედვით, ზეთებზე აქციზი 400-დან 800 ლარამდე გაიზრდება.

„2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე, აქციზის განაკვეთები გაიზრდება. კერძოდ: 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან 500 ლარამდე, 1 ტონა დიზელზე - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე,“ - ნათქვამია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში.

„ეკოტრანსპორტცენტრის“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ აქციზის ზრდა პროდუქტის ფასზეც აისახება და საზეთსაპოხი მასალები დაახლოებით 10-15%-ით გაძვირდება.

„იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები არა მგონია დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, უბრალოდ მოუწევთ ფასის გაზრდა. რაც საბოლოოდ პროდუქტის საცალო თვითღირებულებაზე აისახება. მეორე მხრივ, შეიძლება უფრო დაბალი საზეთსაპოხი მასალების მოთხოვნა გაჩნდეს. ეს კი ცუდია, რადგან დაბალი ხარისხის ზეთების გამოყენება პერიოდულად ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობას იწვევს, რაც საბოლოოდ, ეკოლოგიაზე უარყოფითად აისახება,“ - ამბობს ურუშაძე.

ავტოექსპერტი ზურაბ ბეჟაშვილი კი აღნიშნავს, რომ საჭიროა განმარტება - აქციზი იზრდება 1 ტონაზე თუ 100 ლიტრ საავტომობილო ზეთზე. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენით გაძვირდება პროდუქცია.

მისივე თქმით, თუ აქციზი 1 ტონა ზეთზე 800 ლარამდე გაიზრდება, თავად ლიტრი ზეთის საფასური დაახლოებით 80 თეთრით ან 1 ლარით მოიმატებს.

ბეჟაშვილი მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გარკვეულწილად ალბათ კონტრაბანდაც იჩენს თავს. გარდა ამისა, თავად მოქალაქეები მოძებნიან იაფფასიან ზეთს, ზოგი არ გამოცვლის ზეთს, რადგან ძვირი ეღირება, რაც გარემო პირობებს უფრო მეტად დააბინძურებს.

თაია არდოტელი