დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინტერნეტ რეკლამასა და ციფრულ სტრატეგიაზე 60 მილიონი დოლარი დახარჯა

დისკუსია თემაზე, თუ რის ხარჯზე დაამარცხა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონი, დღემდე არ წყდება.

ექსპერტთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაწეული დანახარჯები. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა კამპანიის ფარგლებში 1,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, დონალდ ტრამპმა კი 800 მილიონი დოლარი. თუმცა, ამის მიუხედავად, ტრამპმა შეძლო არჩევნებში გამარჯვება.

აშშ-ის ახალ არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევო კამპანიაში მნიშვნელოვანი წილი ეჭირა „ციფრულ სტრატეგიასა" და ინტერნეტ რეკლამას, რაშიც ტრამპმა ჯამში 60 მილიონი დოლარი დახარჯა კამპანიის ფინალურ ეტაპზე. შედარებისთვის - ჰილარი კლინტონმა ინტერნეტ რეკლამაზე 3 მილიონი დოლარი დახარჯა.

ექსპერტთა განცხადებით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება - აქცენტი რეკლამის ე.წ. არატრადიციულ არხებზე გაეკეთებინა, მართებული აღმოჩნდა და სწორედ ამან ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი მის გამარჯვებაში.

ოქტომბერში ტრამპმა 20 მილიონი დოლარი გადაუხადა კომპანია American Media & Advocacy Group-ს, 15 მილიონი დოლარი კი ინტერნეტ რეკლამის კომპანია Giles Parscale-ს/. არჩევნების შემდეგ, როდესაც კომპანიის დირექტორი ბრედ პარსკალი მილოცვებს იღებდა ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით, „ტვიტერში“ მან ასეთი პასუხი გასცა მილოცვებს: „დიდი მადლობა. ჩემი ამოცანა იყო იმის დამტკიცება, რომ ციფრული რეკლამა - პოლიტიკური კამპანიის მომავალია“.