საკონსტიტუციო სასამართლო - ავტომობილების ჩანაცვლებისთვის კანონმდებლობა არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას

ავტომობილების ჩანაცვლებისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას. შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული გზით” , - ასე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლო 139 700 ლარად ორი ავტომობილის ტენდერის გარეშე შესყიდვის ფაქტს.

როგორც სასამართლო განმარტავს, სასამარლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ უარი თქვა მის სარგებლობაში არსებული ორი ავტომობილიდან ერთ-ერთის გამოყენებაზე, რათა დაზოგილიყო 2 ავტომობილისათვის საჭირო ხარჯები, სანაცვლოდ კი სასამართლომ შეიძინა ავტომობილები იმ მოსამართლეებისათვის, რომელთა ავტომობილებიც ყველაზე მეტად იყო გამოსული მწყობრიდან.

”2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ერთი ავტომობილის ექსპლუატაციიდან ამოღება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ავტოპარკის 90% არის მოძველებული და საჭიროებს გადაუდებელ განახლებას. შესაბამისად, არსებობდა ახალი ავტომობილების შეძენის საჭიროება. ამიტომ, სასამართლოს თავმჯდომარემ მის სარგებლობაში არსებული ორი ავტომობილიდან უარი თქვა ერთ-ერთის გამოყენებაზე, რათა დაზოგილიყო 2 ავტომობილისათვის საჭირო ხარჯები, სანაცვლოდ კი სასამართლომ შეიძინა ავტომობილები იმ მოსამართლეებისათვის, რომელთა ავტომობილებიც ყველაზე მეტად იყო გამოსული მწყობრიდან და შეკეთება უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ხარჯებს. შესყიდვის შედეგად 2004 წელს და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩანაცვლდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც სასამართლოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მომავალშიც აქტიურად აპირებს გაატაროს ღონისძიებები საკონსტიტუციო სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად, რათა სასამართლოს ყველა წევრსა და თანამშრომელს შეუქმნას მუშაობის ღირსეული პირობები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომობილების ჩანაცვლებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას, შესაბამისად შესყიდვა განხორციელდა გამარტივებული გზით,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 1-ელ დეკემბერს ორი ახალი, Toyota Rav4 prestige შეიძინა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 139 700 ლარს შეადგენს.